ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო
ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

ქუთაისში დღეს საახალწლო საბავშვო ქალაქი გაიხსნა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ქალაქში სხვადასხვა სახის კულტურული აქტივობა იგეგმება. ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში გაიმართება საბავშვო, საქველმოქმედო ღონისძიებები და ასევე გალა კონცერტი, რომელიც 31 დეკემბერს საღამოს 21:00 საათზე დაიწყება და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

კონცერტში მონაწილეობას მუსიკალური ჯგუფები „ოჩოს ქოხი“ და მეტეხი მიიღებენ. ღონისძიებები 7 იანვარს ალილოს მსვლელობით დასრულდება. საახალწლო წარმოდგენებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი დაიხარჯება.

„2018 წელს ქალაქის ხელმძღვანელობა მადლიერების სახლში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან ერთად შეხვდება. ჩვენ მათ ვაგრძნობინებთ, რომ მარტო არ არიან. ვფიქრობ, ეს კარგი ინიციატივაა და იქცევა ტრადიციად“, – განაცხადა 1-ელ არხთან ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.