ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება
ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება

ქუთაისში რიონისპირა სახლების რესტავრაცია-მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ პირველ არხს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განუცხადა.

ქუთაისის მერი  არქიტექტორებს შეხვდა და რიონისპირა სახლების მშენებლობა-რესტავრაციის შესახებ ესაუბრა.

მერის განცხადებით, ქალაქის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად, ქუთაისში ისტორიულ უბანს და შენობა-ნაგებობებს სათანადო ყურადღება მიექცევა და განახლდება. მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან. ასევე რამდენიმე დღეში იგეგმება პროექტის პრეზენტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომლის დასრულების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

,,ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე, აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის“, – განაცხადა 1-ელ არხთან ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

რიონის სანაპიროზე დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე რამდენიმე ათეული სახლი წლებია, ავარიულ მდგომარეობაშია. ოჯახები სახლების შეკეთებას ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას აქამდე უშედეგოდ ითხოვდნენ.