ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებასთან უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების ეტაპები და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
„მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს რეგიონული უნივერსიტეტებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განისაზღვრა.
ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვაზე, რეგიონულ უნივერსიტეტებში ახალი პროგრამების დამატებაზე, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის საკითხებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ.
კონფერენციაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და კონფერენციის თავმჯდომარე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.