ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისის კარს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოქლომი დაადეს
ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისის კარს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბოქლომი დაადეს

ქუთაისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაური იყო, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარს ბოქლომი დაადეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობა პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაუწიეს, რომლებსაც ოფისში თათბირი ჰქონდათ. მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან, დაპირისპირების დროს შუშა ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ოცნების“ ოფისს ბოქლომი დავადეთ სიმბოლურად, რადგან დღეს გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება აბოქლომებს პარლამენტის შენობას ქუთაისში. მას სურს, წავიდეთ ქვეყნიდან“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ანდრო მაღლაკელიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარეხ ნიჟარაძე ბოქლომის დადების ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს. მისი თქმით, ხელბორკილები თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის უნდა დაედოთ და ბოქლომი დღეს საჭირო აღარ იქნებოდა.