ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი „ოქროს საწმისის ძიებაში“ გაიხსნა
ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი „ოქროს საწმისის ძიებაში“ გაიხსნა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი „ოქროს საწმისის ძიებაში“ გაიხსნა. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ღონისძიება ორ დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მიზანი ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოზიციონირებაა.

ბიზნესფორუმის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

„იმერეთის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის სრულყოფილად გამოყენება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ბიზნესფორუმი კი, კარგი გზაა ყველა იმ შესაძლებლობის წარმოსაჩენად, რომელიც რეგიონს გააჩნია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რეგიონული ბიზნესისგანვითარების ხელშეწყობაა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანაორგანიზებით, იმერეთის რეგიონში პირველად ასეთი მასშტაბური ფორუმი გაიმართა. ვიმედოვნებთ, ღონისძიების მონაწილე ქართული და უცხოური კომპანიებისა და პოტენციური ინვესტორებისთვის, ეს ფორუმი სამომავლო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესპროეტების წინაპირობა გახდება“, – აღნიშნა ნინო ჩოქოვანმა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პირველ საერთაშორისო ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხელ ხიდურელმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და უცხოური კომპანიების წარმომადგენლებმა.

ამასთან, ბიზნესფორუმის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ პლენარულ სხდომებს, მათი ინტერესების სფეროების შესაბამისად. დისკუსიები და პრეზენტაციები გაიმართა ტურიზმის, ინოვაციური ბიზნესის, სამედიცინო-რეკრეაციული ბიზნესის, უძრავი ქონებისა და სხვა მიმართულებებით. ასევე გაიმართა იმერეთის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები რეგიონში მდებარე საწარმოებსაც დაათვალიერებენ. ბიზნესფორუმი ხვალ, „წლის ბიზნესის“ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.

ღონისძიების მხარდამჭერებია არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, „აწარმოესაქართველოში“, USAID კარგი მართველობის ინიციატივა, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, პოლონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.