ქუთაისში, პარლამენტში დავით უსუფაშვილი მივიდა 
ქუთაისში, პარლამენტში დავით უსუფაშვილი მივიდა 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება.

პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ სპიკერს მას შემდეგ შეხვდა, რაც მას დავით უსუფაშვილის უწყებაში მისვლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში დავით უსუფაშვილის მისვლის მიზეზით დაინტერესდნენ. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში მის სტუმრობაში პოლიტიკური კონტექსტი არ უნდა ეძებონ.

„წინა პარლამენტში ყოფილი თავმჯდომარე თუ შემოვიდოდა, აუცილებლად დავხვდებოდი, ხელს ჩამოვართმევდი და ყავით გავუმასპინძლდებოდი. მხოლოდ ამასთან გვაქვს საქმე და მეტი არაფერთან.

პარლამენტის შენობაში მიწევს ხოლმე შემოსვლა სხვადასხვა თემებზე, დღეს ტექნიკურ საკითხზე ვარ. ხშირად ისეთი რაღაცეები ხდება, რაც რთული დასაჯერებელია, მაგრამ მართლა ასეა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მხარს უჭერს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა მისი მისვლა პარლამენტში ამას არ უკავშირდება.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვუჭერ, მაგრამ არაფერ შუაში არ ვარ. ჯიბეში ყოფილი დეპუტატის მანდატი მაქვს, რომელიც პულტად არ მუშაობს და ხმას ვერ მივცემ, მაგრამ კომისია შესაქმნელია“,  – განაცხადა უსუფაშვილმა.