ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დევნილებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დევნილებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, ადგილზე კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში აშენდება სამი 12-სართულიანი კორპუსი. სამშენებლო სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. დევნილ ოჯახებს ბინები დასრულებული რემონტით გადაეცემათ. პროექტის ბიუჯეტი 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 13 000 დევნილი ოჯახიდან 7 000-ზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, 6 000-მდე ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის მშენებლობები, რომლებიც 2025 წლის ბოლომდე ახალაშენებულ კორპუსებში 7 000-ზე მეტი  დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გარემონტებული ბინების გადაცემას ითვალისწინებს. მასშტაბური მშენებლობები პარალელურად საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მიმდინარეობს.