ქუთაისში ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა
ქუთაისში ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა

ქუთაისში ნამახვანჰესების კასკადის მოწინააღმდეგეების აქცია დასრულდა, თუმცა ორგანიზატორები ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ.

დღევანდელ აქციაზე ახალი მოთხოვნები გაჟღერდა. აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას არ დატოვებს, საპროტესტო ტალღა დედაქალაქში გადაინაცვლებს, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და ამჯერად არა მხოლოდ თურნავას, არამედ სრულად მინისტრთა კაბინეტის წევრების გადადგომას მოითხოვენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრისაც.

„მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ნუ ეცდებიან საკუთარი მოსახლეობის დისკრედიტაციას, და ნუ გააკეთებენ დაცინვას, რომ აქ ვინმე არის ჰომოფობი. ბატონებო, ნუ გააღრმავებთ უფსკრულს, რომელიც უკვე ისედაც არის. ჩვენ არაფრის არ გვეშინია, დამოუკიდებელი ხალხი ვართ. ხელისუფლებას შევახსენებთ – თუ თქვენ არ გვემსახურებით, მაშინ გაგიშვებთ და მოვიყვანთ იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენ გვემსახურება”, – განაცხადა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მომავალი საპროტესტო აქცია დედაქალაქში გაიმართება, თუმცა თარიღი ჯერ უცნობია.