ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა
ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ე.წ მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გახსნა.

მზის ენერგიის მოდულების წარმოების კომპანიის, “აე სოლარის” უახლესი საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული.

საწარმო ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით, 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. ქარხანაში 300 ადამიანი დასაქმდება.

პრემიერ-მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებს ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქვეყანამ აქცენტი უცხოურ ინვესტიციაზე უნდა გააკეთოს.

„ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. განათლება და ეკონომიკა ერთად ავითარებს ქვეყანას. რამდენიმე კვირაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, დაიმკვიდროს ადგილი მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხნის გახსნას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებიან.