ქუთაისში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ქუთაისში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ს.ყ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

„დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარ მამაკაცს – 1997 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით კისრის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.