ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელები მოწესრიგდება
ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელები მოწესრიგდება

ქუთაისში სამი მიწისქვეშა გადასასვლელი მოწესრიგდება. პირველ ეტაპზე, გადასასვლელების დასუფთავება და გარემონტება, მეორე ეტაპზე კი, განათებისა და სათვალთვალო კამერების დამონტაჟებაა დაგეგმილი.

სამუშაოები უკვე დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში. მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„ქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ფუნქციას ვერ ასრულებდა. იქ არსებული ანტისანიტარიისა და სიბინძურის გამო, ფეხით მოსიარულეებს ქუჩის რთულ მონაკვეთებზე გადასვლა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევდათ.

ჩვენ ამ პრობლემის მოგვარება უკვე დავიწყეთ“, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.