ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს
ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, მედიის წარმომადგენლების აქცია გაიმართა. აქციას სამოქალაქო აქტივისტები, ასევე სხვადასხვა პარტიის წარმოამდგენლები შეურთდნენ.

აქციაზე შეკრებილებმა მწუხარება გამოთქვეს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნაა, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ყველა მოძალადე და ის ადამიანი, რომლებმაც ძალადობრივი ჯგუფები წაახალისეს.

„ჩვენი  ქუჩაში გამოსვლის მიზეზი არის ის, რომ ხელისუფლებას არაერთგზის მოვუწოდებდით, განეხორციელებინა პრევენციული ღონისძიებები, რათა ქვეყანაში დაცული ყოფილიყო თითოეული მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მტკივნეულია და გადავწყვიტეთ, ეს აქცია ყოფილიყო მდუმარე იმის გამო, რომ დიდია ჩვენი ტკივილი ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა 5 ივლისს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნანა თოშხუამ.

ასევე, აქცია გაიმართა ქუთაისში, კოლხურ შადრევანთან. ოპერატორებმა ლექსო ლაშქარავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მედიის მიმართ ძალადობა დაგმეს.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.