ქუთაისში კორონავირუსით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“, კორონავირუსით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 11 ნოემბერს შეიყვანა. მამაკაცს კოვიდინფექციასთან ერთად, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება აღენიშნებოდა.

„ექიმების მიერ გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში ამ დროისთვის 120-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი გვყავს მოთავსებული. პოზიტიურია გამოჯანმრთელების დინამიკა. კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა 15 დღის ჩვილი, რომელიც 4 დღის იყო, როდესაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ასევე, ვმკურნალობთ 26 დღის ჩვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღესაც ველოდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერას. საერთო ჯამში, 350-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს,”- განაცხადა  კლინიკა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.

75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 8 ოქტომბერს შეიყვანეს. მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ქონდა. ჩატარებული მკურნალობის მოუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ. მისივე თქმით, კლინიკაში მკურნალობენ არასრულწლოვნებიც, რომლებიც საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან.