ქუთაისში კორონავირუსისგან ექვსი ორსული და მელოგინე გამოჯანმრთელდა
ქუთაისში კორონავირუსისგან ექვსი ორსული და მელოგინე გამოჯანმრთელდა

ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ექვსმა ორსულმა და მელოგინემ დატოვა. ხუთი მელოგინე კლინიკიდან ჩვილებთან ერთად გაეწერა.

ამ დროისთვის, კოვიდცენტრში 20 ორსული, მელოგინე და ოთხი ჩვილი რჩება. ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნაწილის – საშუალო სიმძიმისაა. თითოეული მათგანი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„ჩვენი კოვიდცენტრი დასავლეთ საქართველოში ერთადერთია, რომელიც კოვიდდადებით ორსულებსა და მელოგინეებს იღებს. შესაბამისად, მომართვიანობაც მაღალია. პაციენტები გვყავს როგორც აჭარიდან, ისე იმერეთიდან. ჩვენს კოვიდცენტრში 20 ახალშობილი დაიბადა, მათ შორის ორი ტყუპი. 26 პაციენტიდან ექვსი სახლებში გამოჯანმრთელებული გაეწერა. ველოდებით ბათუმიდან მძიმე მდგომარეობაში გადმოყვანილი პაციენტის ჩვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგს. ქალს ჩვენთან ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და თუ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდება, დედა და ახალშობილი კლინიკას დატოვებენ“, – ამბობს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.