ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 52 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 12 ბავშვი და ორი ორსულია
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 52 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 12 ბავშვი და ორი ორსულია

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გასული 24 საათის განმავლობაში  აჭარიდან 16 კოვიდინფიცირებული შეიყვანეს. ამ დროისათვის კლინიკა „ბომონდში“ სულ 52 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 12 ბავშვი და ორი ორსულია.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი პაციენტებიდან  რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია, ხოლო აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ერთ-ერთი ხანდაზმული, 78 წლის ქალბატონი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ქალბატონს ძირითად დაავადებასთან ერთად, სხვა თანხმლები დაავადებებიც აქვს.

კლინიკა „ბომონდში“ ასევე მოთავსებულია ხუთი საეჭვო პაციენტი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტებს წარმოადგენენ. აღნიშნულ პირებს ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩაუტარდათ და შედეგებს ელოდებიან.

„გასული ღამის განმავლობაში კლინიკას ასევე მომართა მშობიარემ, რომელსაც სამშობიარო ტკივილები უკვე დაწყებული ჰქონდა. იმის გამო, რომ 40 კვირის ორსული, 23 წლის გოგონა, კოვიდდადებითი პაციენტის კონტაქტს წარმოადგენდა, კლინიკებმა მიღებასა და მშობიარობაზე უარი უთხრეს. უნდა ითქვას ისიც, რომ მშობიარეს ერთხელ უკვე ჰქონდა ჩატარებული „პისიარ“ კვლევა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის გამო, საკონტროლო კვლევა ჩაუტარდა. პასუხიც გოგონას მშობიარობის დროისთვის არ იყო ცნობილი. გოგონამ ჩვენს კლინიკაში ფიზიოლოგიური გზით იმშობიარა. დაიბადა ჯანმრთელი ნაყოფი. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. დღეს დილით ცნობილი გახდა კვლევის პასუხი და დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდა,“- განაცხადა კლინიკა „ბომონდის“ მეან-გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ.

დატოვე კომენტარი