ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი დღეს 20-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი დღეს 20-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი დღეს 20-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო შვიდი პაციენტი შემდგომი დაკვირვებისთვის საკარანტინო სივრცეში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გადავიდა.

კოვიდცენტრმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 300-ზე მეტი პაციენტი მიიღო, ხოლო 170-მა კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

„ბომონდის“ კლინიკური მენეჯერის, მამია ყიფიანის თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრს საწოლფონდთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

„ჩვენი კლინიკა 170 საწოლზეა გათვლილი და აქედან 125 საწოლი მობილიზებულია კოვიდდადებითი პაციენტებისათვის. დღეს 20 გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ, ხოლო შვიდი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შემდგომი დაკვირვებისათვის საკარანტინო სივრცეში გადავიდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 300-ზე მეტ პაციენტს გავუწიეთ სტაციონარული მკურნალობა და მეთვალყურეობა. მათგან 170-მდე გამოჯანმრთელებული უკვე გაეწერა ბინაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მრავალპროფილიანი სტაციონარი გვაქვს, სამედიცინო მომსახურებას ვუწევთ კოვიდდადასტურებულ ბავშვებს, ორსულებს, თერაპიულ პაციენტებს ასაკობრივი კატეგორიის მიუხედავად“, – განაცხადა მამია ყიფიანმა.

მისივე თქმით, ვირუსს შედარებით მარტივად ებრძვიან და კლინიკას მალე ტოვებენ ორსულები და ბავშვები, თუმცა მისივე თქმით, ასევე არაერთმა ხანდაზმულმა და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანმა დაამარცხა ვირუსი.

„გვყავს მძიმე და ქრონიკული დაავადებების მატარებელი პაციენტები, თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ ისე, რომ ქრონიკული დაავადებები და ხანდაზმულობა განაჩენია ვინმესთვის. ჩვენ 30-მდე ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის, ყველაზე ხანდაზმული გახლავთ 88 წლის მამაკაცი. 95 წლის ქალბატონი გადის ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას, რომლის დინამიკაც დადებითია, მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ მასაც გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე“, – ამბობს მამია ყიფიანი.

ამ დროისთვის კოვიდცენტრში 82 პაციენტი აგრძელებს მკურნალობის კურსს.