ქუთაისში კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრი 50-მდე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისში კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრი 50-მდე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრი 50-მდე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. აღნიშნული პაციენტები კლინიკაში დადასტურებული „კოვიდ 19“-ით შევიდნენ. მათ აღენიშნებოდათ პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ვირუსთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულება.

გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის არიან როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები, ორსულები და მელოგინეები.

„ამ დროისათვის კოვიდცენტრში 82 პაციენტი რჩება. თითოეულ მათგანს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მედიკოსები უახლოეს დღეებში ემზადებიან გამოჯანმრთელებული პაციენტების ახალი ნაკადის გასაწერად”, – ამბობს კლინიკა „ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

საქართველოში ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსისგან 3 120 პაციენტი გამოჯანმრთელდა.