ქუთაისში ხვალ შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება
ქუთაისში ხვალ შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება

ხვალ, 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ ქუთაისში გაიმართება შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“, – ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ფორუმის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს 22 საშუალო და მსხვილი კომპანია 100-ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას შესთავაზებს. წარმოდგენილი იქნება შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: სამომხმარებლო, გაყიდვების, სადაზღვევო, კვების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროებიდან.

ფორუმის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ ვაკანსიებს, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამდენიმე პოტენციური დამსაქმებლისგან.

შშმ პირთა დასაქმების ფორუმი 14 ივნისს, ოქროს ჩარდახის ტერიტორიაზე (მისამართი: ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელების N9) 13:00-დან 16:00 საათამდე გაიმართება. სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 12:30 საათიდან“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი