ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება
ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება

დღეს ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გვირილობა“, იგივე „ორმაისობა“ აღინიშნება. სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო და გალაკონცერტით დასრულდება.

დღეს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა „სამი ოთარის“ ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

ქალაქის ცენტრში იმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები. ტრადიციულად, აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს. დღესვე მოხდება ევროპის 21-წლამდელ ნაკრებთა ფეხბურთის ჩემპიონატის გარდამავალი თასის წარდგენა.

დღის ბოლოს კი მესხიშვილის თეატრში თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს სიმღერებს ქართული კინოფილმებიდან. ორი მაისის მრავალფეროვანი ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდება.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა. გიმნაზიელი გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.