ქუთაისში გამოკვლეული 207 ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისში გამოკვლეული 207 ანალიზიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 207 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

ანალიზები იმერეთისა და რაჭის რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან იყო გაგზავნილი. ანალიზებს შორის 20 მედპერსონალის ბიოლოგიური ნიმუშია. ასევე, გამოკვლეულთა შორის არის წყალტუბოში დაინფიცირებული მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის ექვსი კონტაქტი.

ამ დროისთვის, წყალტუბოში თვითიზოლაციაში 20-მდე პირი იმყოფება, კარანტინში კი 12 ადამიანია. მათ შორის, შვიდი მერიის დასუფთავების სამსახურის დაინფიცირებული პირის თანამშრომელია, ხუთი კი ოჯახის წევრი. ეპიდემიოლოგები კონტაქტების და დაინფიცირების პირველწყაროს კვლევას აგრძელებენ.

იმერეთში ამ დრომდე „კოვიდ-19“-ის 41 შემთხვევაა გამოვლენილი. რეგიონში კარანტინში 495 ადამიანი იმყოფება.