ქუთაისში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2020“ გაიხსნა
ქუთაისში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2020“ გაიხსნა

ქუთაისში იმერეთის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, საზეიმო გახსნა ღია სივრცეში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „მწვანე სცენაზე“ გაიმართა.

შეკრებილ საზოგადოებას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ​დავით ერემეიშვილმა მიმართეს.

„თეატრალური იმერეთი 2020“ თავისი მასშტაბით მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისთვის, არამედ ზოგადად, ქართული თეატრისთვის. ის ემსახურება ახალი სახეების გამოვლენას, თეატრის პოპულარიზაციას, თეატრალური დასებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნას და პროფესიული ხარისხის გაზრდას. ეს ფესტივალი კარგად წარმოაჩენს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მდიდარი თეატრალური მხარე იმერეთია. ქართული თეატრის მნიშვნელოვანი და უდიდესი არტისტული ნაკადი სწორედ ჩვენი მხარიდან არის. იმერეთი გამოირჩევა იმითაც, რომ ამ რეგიონში ყველაზე მეტი პროფესიული და მოყვარული თეატრალური დასი ფუნქციონირებს და ეს ფესტივალი მათთვის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედება. უკვე არაერთი წელია, ტარდება ეს ფესტივალი და მან უკვე მიიღო საერთაშორისო სტატუსი. მინდა, მადლობა გადავუხადო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელ ლევან როხვაძეს, რომლის დამსახურებითაც ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და 11 წლის შემდეგ აღდგა. მადლობა მას იმ ღვაწლისთვის, რაც გასწია მთელი ამ წლების განმავლობაში თეატრალური კულტურის პოპულარიზაციისათვის“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ფესტივალი 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. სპექტაკლები 18:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.