ქუთაისში ელექტროგამაცხელებლების საწარმო გაიხსნა, რომელშიც 45 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული
ქუთაისში ელექტროგამაცხელებლების საწარმო გაიხსნა, რომელშიც 45 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის“ ელექტროგამაცხელებლების ქარხანა ოფიციალურად გახსნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმო ევროპული სტანდარტებისაა და გეგმიურად, მასში დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც ექსპორტზე კვირაში ორჯერ გადის, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, საწარმოს გახსნა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

„ქუთაისის ინდუსტრიულმა ზონამ 2017 წლის დასაწყისში წარმოადგინა ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო. ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი. დღეისთვის საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მათ აქვთ შესაბამისი კვება და ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილია სამუშაო გარემო“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს  რეგიონულ ბაზარზე ექსპორტის მიზნით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელსა და ერთ-ერთ დამფუძნებელს მიხეილ თიგიშვილს მადლობა გადაუხადა.

ფრანგული „ატლანტიკ ჯგუფი“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას ფლობს.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კი, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა სახის საექსპორტო პროდუქცია, მათ შორის ტექსტილი, სახურავები, ნათურები, ზეთები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა იწარმოება. ამ დროისთვის, ასევე მაკარონის ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს.