ქუთაისში „ცხელების ცენტრის“ კიდევ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისში „ცხელების ცენტრის“ კიდევ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში, „კლინიკა ბომონდის“  ე.წ. ცხელების ცენტრს გასული 24 საათის განმავლობაში ექვსმა პაციენტმა მიმართა.

პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ცხელებით შეიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელის, მამუკა მიქაძის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტის ანალიზები კვლევისთვის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

აქედან სამი პაციენტის კვლევის შედეგი ცნობილია. მათ„ კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.

კლინიკაში ამ დროისათვის დარჩენილი სამი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ „კლინიკა ბომონდში“ არსებული „ცხელების ცენტრი“ შესაბამისი სიმპტომის მქონე პაციენტებს დაახლოებით ათი დღეა, ემსახურება.

„ცხელების ცენტრისთვის“ იზოლირებული კორპუსი გამოთავისუფლდა, ხოლო მედიკოსებმა, რომლებიც მხოლოდ ცენტრს ემსახურებიან, სპეციალური გადამზადება და ტრენინგ-კურსები გაიარეს.

10 დღის განმავლობაში კლინიკიდან ლაბორატორიაში საკვლევად 61 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა. აქედან კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.