ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს, კლინიკა გამოძიების დასრულებამდე დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს
ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს, კლინიკა გამოძიების დასრულებამდე დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 7 ივნისს გარდაცვლილი 21 წლის ფეხმძიმე ქალის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.

ოჯახის ინფორმაციით, 37 კვირის ფეხმძიმე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილის ნათესავი მაცაცო თევზაძე ამბობს, რომ გოგონას გარდაცვალება შეცდომამ გამოიწვია.

„ექიმებს ვადანაშაულებ. იყო რაღაც შეცდომა, დაუდევრობის გამო დაღუპეს გოგონა. მას არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები. წლების წინ გაუკეთდა ხერხემალზე ოპერაცია და ეს არაფერ შუაშია. დიაგნოზიც ვერ დასვეს, რით გარდაიცვალა, ვერ გვეუბნებიან. თვითონ დაწერეს, რომ თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალა, ვერ ამბობენ, კონკრეტულად რით“, – განაცხადა მაცაცო თევზაძემ.

ოჯახის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ კლინიკა „ბომონდში“.

„კლინიკა „ბომონდი“ კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. გვესმის, რომ საქმეზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და სოციალურ სივრცეში ამავე საზოგადოების მხრიდან მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. კლინიკა „ბომონდი“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე სამედიცინო დაწესებულება. კლინიკა პატივს სცემს თითოეული მისი პაციენტის ინტერესებს, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას და სწორედ აღნიშნული მიზეზით, მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, თავს იკავებს საქმესთან დაკავშირებით დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებისგან. ამავდროულად, გვსურს, მოვუწოდოთ საზოგადოებას, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და გამოძიების შედეგებს“, – აცხადებენ კლინიკა „ბომონდში“.

შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.