ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს ბინები გადაეცემა
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს ბინები გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს ბინებს გადასცემს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.

უწყების ცნობით, დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული, უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყო თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში. 2025 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7 000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.