ქუთაისში 60 ახალი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს
ქუთაისში 60 ახალი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს

ქუთაისში 60 ახალი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსით მგზავრობის ღირებულება შენარჩუნდება და 40 თეთრი იქნება. ქუთაისისთვის განკუთვნილი 60-ვე ავტობუსი უკვე ქალაქშია. 8 თებერვლიდან, ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება და ქალაქში ახალი, მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ.

ქალაქის სატრანსპორტო კომპანიას 60 ახალი, თანამედროვე ავტობუსი ჰყავს, რომლებიც იმუშავებენ როგორც ძველ სავალ გეზებზე, ასევე ახალ მარშრუტებზეც.

„ევრო 5“-ის ტიპის ავტობუსების შეძენა მუნიციპალიტეტისთვის საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ავტობუსით მგზავრობის ღირებულება შენარჩუნდება და 40 თეთრი იქნება.

ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები: მძღოლი და მგზავრები აუცილებლად უნდა იყვნენ პირბადით, აკრძალული იქნება მგზავრის ფეხზე დგომა, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს ჩაუტარდებათ დეზინფექცია. მონიტორინგის სამსახური მუდმივად შეამოწმებს, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები.

დაგეგმილი იყო, რომ ავტობუსებს ემოძრავათ დილის 08:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, თუმცა, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების თანახმად, ამ ეტაპზე, დილის 08 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებენ. თუმცა, როცა შეზღუდვები მოიხსნება, შესაბამისად შეიცვლება საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკიც.

ავტობუსებში მალე დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა. ბილეთის შეძენა ყველა გადახდის აპარატში იქნება შესაძლებელი. არსებული შეღავათები შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ისინი იმავე პირობებით ისარგებლებენ, რაც აქამდე ჰქონდათ.

„ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქუთაისის სინამდვილეში და ამ ფონზე, გარკვეული ძალები ცდილობენ, ეს სიახლე და მართლაც ძალიან კარგი ამბავი საზოგადოებას ნეგატიური ასპექტით მიაწოდონ. თუმცა, რეალობას ვერავინ გაექცევა და ჩვენი მოსახლეობა თავად დარწმუნდება, რომ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მკვეთრად წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით“, – განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

დატოვე კომენტარი