ქუთაისის „ტორპედოს“ მოლდოვას ჩემპიონი შეხვდა
ქუთაისის „ტორპედოს“ მოლდოვას ჩემპიონი შეხვდა

ევროგათამაშებაზე ქუთაისის “ტორპედოს” მოლდოვას ჩემპიონი “შერიფი” დაუპირისპირდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში მიმდინარეობს.

კენჭისყრის დაწყებამდე, “ტორპედოს” სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი ხუთამდე შემცირდა. ქართულ გუნდის შესაძლო მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ განთესილი (ანუ კარგი რეიტინგის მქონე) კლუბები – კვიპროსის “აპოელი”, აზერბაიჯანის “ყარაბაღი”, მოლდოვას “შერიფი”, უელსის “ნიუ საინთსი” და უნგრეთის “ვიდეოტონი”. თავად “ტორპედო“ კი განუთესავი (ანუ ცუდი რეიტინგის მქონე) იყო.

საბოლოოდ, ქუთაისელებს სავარაუდო მეტოქეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე შეხვდა. პირველი მატჩი 10 ივლისს ქუთაისში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – 17 ივლისს ტირასპოლში.