ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილო გულშემატკივრებს შეხვდება #1TVSPORT

15:32, 29.07.2026

ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა შეხვდება გულშემატკივრებს, რომლებიც კონფერენსლიგის პირველივე ეტაპზე გამოვარდნის შემდეგ გუნდში რადიკალურ ცვლილებებს ითხოვენ.

„გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია „ტორპედოსთვის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით გუნდის ხელმძღვანელობა კლუბის გულშემატკივრებს შეხვდება. შეხვედრას ასევე ქალაქის მერი დავით ერემეიშვილი დაესწრება“, – წერია კლუბის განცხადებაში.

„ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება კლუბში არსებული ვითარება, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.

ქუთაისის „ტორპედომ“ უეფა-ს კონფერენსლიგის ორივე შეხვედრა აზერბაიჯანულ „ზირასთან“ ანგარიშით 0:3 დათმო და ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. გულშემატკივრებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც, ისინი ტოვებენ ტრიბუნას მანამ, სანამ „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი არ შეიცვლება და გუნდში რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება.

შეხვედრა, რომელზეც დასწრება თავისუფალი იქნება, პირველ აგვისტოს, 13:00 საათზე ქუთაისის „რამაზ შენგელიას არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

მსგავსი