ქუთაისის „ტორპედომ“ ხორვატი ახალწვეული დინო სკორუპი წარადგინა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე გაძლიერება დაიწყო და 26 წლის ხორვატი საყრდენი ნახევარმცველი დინო სკორუპი დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2,5+1 სისტემით გაფორმდა.
სკორუპი ბოლოს ბოსნიის მოქმედი ჩემპიონის, „ბორაცის“ ღირსებას იცავდა და გასულ სეზონში გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, მან ჩემპიონობის მოპოვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ქუთაისელთა ახალწვეულმა კარიერა ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის, სპლიტის „ჰაიდუკის“ აკადემიაში დაიწყო, რომლის სისტემაში ათ წელზე მეტი გაატარა და პროფესიულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯებიც ამ გუნდის სახელით გადადგა.
სკორუპისთვის წარმატებული გამოდგა 2023/2024 წლების სეზონი, როცა ხორვატმა ნახევარმცველმა ბოსნიური „გოსკ გაბელას“ მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. შემდეგ კვლავ „ბორაცში“ დაბრუნდა, საიდანაც რუმინულ „სეფსიში“ გადავიდა.
„ბორაცის“ რიგებში „ტორპედოს“ ახალწვეულმა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ითამაშა, ხოლო კონფერენს ლიგაში – ჯგუფურ ეტაპზე. მას ასევე ხორვატიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.