ქუთაისის „ტორპედომ“ გიორგი ფანცულაია დაიბრუნა - გუნდი ახალწვეულებს და ახალ კაპიტანს წარადგენს #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ გიორგი ფანცულაია დაიბრუნა - გუნდი ახალწვეულებს და ახალ კაპიტანს წარადგენს #1TVSPORT

13 ივლისს ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბოსნია ჰერცოგოვინას გუნდის, „სარაევოს“ წინააღმდეგ გამართავს. ამასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივარს შეხვდება.

სამშაბათს, 11 ივლისს, 21:00 საათზე „შენგელია არენაზე“ კლუბი წარადგენს ახალწვეულებს და ახალ კაპიტანს, მერაბ გიგაურს. აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ახალი სათამაშო ფორმა, რომლითაც გუნდი ევროტურნირებზე იასპარეზებს.

ცნობილი გახდა, რომ „ტორპედოში“ დაბრუნდა ქუთაისელი გულშემატკივრის ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი გიორგი ფანცულაია. 29 წლის თავადმსხმელი ყაზახეთის ჩემპიონატის გუნდში, „კასპიიში“ ჯაბა ჯიღაურთან ერთად გამოდიოდა. ფანცულაია ქუთაისურ გუნდში 2012-2014 და 2020 წელს თამაშობდა.

„ტორპედომ“ ასევე დაიმატა ნიკოლა ნინკოვიჩი და ომრან ჰაიდარი. 25 წლის გარემარბი ომრან ჰაიდარი კარიერის მანძილზე ნიდერლანდებისა და პოლონეთის ჩემპიონატების გუნდების ღირსებას იცავდა. არის ნიდერლანდებისა და ავღანეთის მოქალაქე. 2018 წლიდან ავღანეთის ეროვნული ნაკრების წევრია.

28 წლის სერბი ნახევარმცველს, ნინკოვიჩს კარიერის ძირითადი ნაწილი სერბეთის სუპერ ლიგასა და იტალიის სერია A-ში აქვს გატარებული, უთამაშია ჩემპიონთა და ევროპის ლიგაზე. ის წლების მანძილზე სერბეთის „პარტიზანს“ კაპიტნობდა და სერბეთის ასაკობრივ ნაკრებებშიც არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. „ტრანსფერმარკეტი“ მის ტრანსფერს 400 000 ევროდ აფასებს.