ქუთაისის „ტორპედომ“ „გაგრა“ დაამარცხა – ელიგაში კვირკველიას დებიუტი შედგა #1TVSPORT

17:11, 10.04.2022

ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტური დაიწყო. თბილისის „დინამო არენაზე“ „გაგრამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მარცხი იწვნია.

ქუთაისელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მოედნის ცენტრში კონტრშეტევა „ტორპედოს“ კაპიტანმა, გიორგი კუხიანიძემ წამოიწყო და მარჯვენა ფლანგზე აკაკი შულაია მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში ბურთი დაუბრუნა და „ტორპედოს“ კაპიტანმა ახლოდან ზუსტად დარტყმით გუნდი დააწინაურა – 0:1.

63-ე წუთზე მოედანზე საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველიაც ვიხილეთ, რომელიც „გაგრაში“ ჩაირიცხა და ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. თუმცა ქუთაისელებმა მალე მეორე გოლი გაიტანეს. ცოტნე ნადარაიას გადაცემით თორნიკე ახვლედიანმა ისარგებლა და „ტორპედოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა – 0:2.

83-ე წუთზე „გაგრა“ კაცნაკლული დარჩა – „გაგრას“ მეკარე ბექა ქურდაძემ მასთან პირისპირ დარჩენილი თორნიკე ახვლედიანი მოცელა, მთავარმა არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათით აჩვენა და მოედანი დაატოვებინა. „გაგრას“ ამ დროისთვის ყველა შეცვლა გაკეთებული ჰქონდა და კარში მცველი ლუკა ნოზაძე დადგა, თუმცა ყველაფერი ცხადი იყო და „ტორპედომ“ 0:2 მოიგო.

ეროვნულ ლიგაში გამართული მეშვიდე ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 9 ქულით დააგროვა და დიდი ნახტომი გააკეთა – გუნდი მერვედან მეოთხე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო „გაგრა“ 7 ქულით მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა.

მსგავსი