ქუთაისის შემოვლით გზაზე ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება
ქუთაისის შემოვლით გზაზე ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200,26 მილიონი ლარია.

ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია ოთხ ლოტად. სამ ლოტს, ქართული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აშენებს, ერთს კი აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“. ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტრაქტორის სახით, პირველად ახორციელებს.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება, მოძრაობის საერთაშორისო სტანდარტით უზრუნველყოფას, მათ შორის დატვირთულ ტურისტულ სეზონზე.