ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცხრა პირის მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცხრა პირის მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. გელა მთივლიშვილს, ნინო ქათამაძეს, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძეს, ქეთევან ფილაურს, მაია ცირამუას, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძესა და ეკა კუხალაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე 1 პრიმა მუხლს ედავებიან.
დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, მოსამართლე ციცინო მოსიძემ საქმის განხილვა შეაჩეროს, ვინაიდან, ადვოკატების თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
ამასთან, ეკა კუხალაშვილის ადვოკატმა, ვალერი თევდორაძემ დააყენა შუამდგომლობა, წარმოადგინოს ბრალდების მხარემ საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელი სახლების, მათ შორის ბაკურიანის სახლის საკადასტრო ამონაწერი იქნება. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, აღნიშნულმა პირებმა აქცია გამართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან მოსამართლემ განხილვაში არ მიიღო მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.