ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა

18:11, 21.10.2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – KIU-ს პირველი მაგისტრი კურსდამთავრებულები ჰყავს, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის მზარდ როლს ქვეყნის საგანმანათლებლო, კვლევითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერებაში.

საზეიმო ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა და KIU-ს კანცლერმა, ლევან კოპალიანმა, უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და მენეჯმენტის სკოლის დეკანებთან ერთად.

საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება KIU-ში მესამედ ჩატარდა. წელს კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკისა და მენეჯმენტის სკოლები 270-მდე სტუდენტმა დაასრულა. სამივე საბაკალავრო პროგრამა KIU-ს სტრატეგიულ პარტნიორთან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არის შემუშავებული. პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს ორ სამაგისტრო პროგრამას – „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) და „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“. ორივე პროგრამა რეგიონში უნიკალურია და საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზეა შექმნილი. კერძოდ, FIM სამაგისტრო პროგრამა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) შესაბამისი პროგრამის ანალოგიაა, ხოლო „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ KIU-ს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასა (WIPO) და საქპატენტს შორის გაფორმებული საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო KIU კაპელამ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან აკადემიური და პროფესიული წარმატებით. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას აგრძელებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, დიდი ნაწილი დასაქმებულია საერთაშორისო კომპანიებში. KIU ხელს უწყობს სტუდენტების როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. ახალგაზრდები აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში, თანამშრომლობენ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და უნივერსიტეტებთან, ეცნობიან ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს. KIU-ში არსებული აკადემიური და ინოვაციური სივრცეები ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

KIU განაგრძობს ევროპული ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკადემიური გარემოს გაძლიერებას. უნივერსიტეტი ქმნის ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს. უნივერსიტეტი მოიცავს თანამედროვე და უახლეს ლაბორატორიებს, კაფეტერიებს, ბიბლიოთეკებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებისა და კვლევებისთვის.

ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მსგავსი