ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს მათემატიკის კონკურსის ფინალი გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი KIU-ს მათემატიკის კონკურსის – KIU π-DAY Math CONTEST 2025-ის ფინალი გაიმართა.
„წლევანდელი კონკურსი მოსწავლეთა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. პირველ ტურში – 400-მდე, მეორეში – 180, ხოლო მესამე, ფინალურ ტურში 56 მოსწავლე მონაწილეობდა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობაა ამ შეჯიბრების ისტორიაში.
KIU Pi-Day Math Contest 2025-ის პირველი და მეორე ტური Learn with AI პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა, რომელიც შეიქმნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამისთვის – „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“.
ფინალური ტურის მონაწილე მოსწავლეებს და მათ მშობლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა. მან დამსწრე საზოგადოებას KIU-ს ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა – „მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“ წარუდგინა და, ასევე, ფინალური ტურის წესები გააცნო.
რამაზ ბოჭორიშვილის ინფორმაციით, პირველი და მეორე ტურის საკონკურსო ამოცანების ნაწილი შედგენილი იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის l და ll კურსის სტუდენტების, ხოლო ნაწილი – ხელოვნური ინტელექტის მიერ. ფინალური ტურის ამოცანები კი სრულად KIU-ს პროფესორებმა შეიმუშავეს.
ფინალში მიღებული შედეგების მიხედვით, რამდენიმე კვირაში გამოვლინდებიან კონკურსის გამარჯვებულები და I, II, III ხარისხის დიპლომების მფლობელები. გამარჯვებულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, KIU-ში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, მნიშვნელოვან პრიზებს სთავაზობს. კერძოდ: სწავლის დაფინანსება 100%; საერთო საცხოვრებლის დაფინანსება 50%; KIU-ს სტიპენდია“, – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეჯიბრის დასრულების შემდეგ ფინალისტებსა და მათ მშობლებს KIU-ს სტუდენტებმა საუნივერსიტეტო კომპლექსი, აკადემიური, საცხოვრებელი და სარეკრეაციო სივრცეები დაათვალიერებინეს.
„აღსანიშნავია, რომ KIU Pi-Day Math Contest-ი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკის სკოლის ინიციატივითა და ორგანიზებით, უკვე მე-5 წელია, ტარდება და მასში მონაწილეობენ IX-XII კლასების წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები. კონკურსი განსაკუთრებით პრესტიჟული და პოპულარულია ისეთი სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებიც STEM მიმართულებების გაძლიერებული სწავლებით გამოირჩევიან.
მათემატიკის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 14 მარტს UNESCO-ს 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით აღინიშნება. KIU Pi-day – მათემატიკის დღე რეგისტრირებულია მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის პროექტის ინტერაქტიურ რუკაზე“, – აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.