ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და გლობალურ სტარტაპ პლატფორმა THE Crossroads-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი (KUCA), გლობალურ სტარტაპ პლატფორმასთან – THE Crossroads-თან ითანამშრომლებენ. მხარეებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და THE Crossroads-ის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ კობახიძემ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ახალი პარტნიორობის მიზანია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მის გარშემო არსებული ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს, ჩამოყალიბდეს რეგიონში წამყვან ინოვაციურ და სამეწარმეო ჰაბად.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს KIU-ს ბაზაზე თანამედროვე ინოვაციების ცენტრის შექმნას და ამოქმედებას; მსოფლიო დონეზე აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას; საქართველოს გლობალური ინოვაციური ხიდის სტატუსის განმტკიცებას.