ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მარკ კლეიტონი ეწვია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მარკ კლეიტონი ეწვია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ელჩი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და აკადემიურ გუნდს შეხვდა, ასევე, გაეცნო საუნივერსიტეტო ქალაქს და სასწავლო პროცესს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მარკ კლეიტონმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობები“.

სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო და ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის საშუალება ჰქონდათ.

მარტის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსში. ამჟამად, უნივერსიტეტში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ღია კარის დღეები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

დატოვე კომენტარი