ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

12:08, 13.06.2026

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა და ცენტრის დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, იუსტიციის სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს KIU-ს ფსიქოლოგიისა და სამართლის პროგრამების სტუდენტებისთვის სტაჟირების ხელშეწყობას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ცენტრის ბაზაზე გაიარონ პროფესიული პრაქტიკა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ბენეფიციართა მხარდამჭერი სახელმწიფო სერვისები, რეაბილიტაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები.

ვიზიტისას სტუმრებმა KIU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ქუთაისის საერთაშორისო უნუვერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა გახსნა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მერაბ ტურავამ  სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. სტუდენტებისთვის გამართულ საჯარო ლექციაზე კი  მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე.

ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. 

მსგავსი