ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული კომპანიის, RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. E-Gate არის ჩასხდომის ავტომატიზებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია, გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის.
ახალი ელექტრონული, ავტომატიზებული სისტემა პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. ის გააუმჯობესებს და გაამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, შეამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რითიც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სერვისების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. ფრანგული კომპანიის, RESA ELECTRONIQUE-ის ავტომატიზებული E-Gate-ის სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200 ათასზე ევროზე მეტს შეადგენს. პირველ ეტაპზე გაფრენის დარბაზში საავიაციო უშიშროების შემოწმებამდე E-Gate-ის სისტემის სამი ერთეული აპარატი დამონტაჟდა, ხოლო აეროპორტში ინფრასტრუქტურული ცვლილებების შემდეგ კიდევ ერთი დაემატება.
ინფორმაციას ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.