ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა Airbus A321neo ავიახომალდი პირველად მიიღო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა Airbus A321neo ავიახომალდი პირველად მიიღო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ოპერირება განაახლა. პანდემიის შემდეგ, ავიაკომპანია Wizz Air-მა ერთ-ერთი პირველი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის განმავლობაში პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

„A321neo ავიახომალდი პირველი პროექტია, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს – ახალი თაობის ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს. ასევე, ის ზოგავს საწვავის ხარჯების 20 პროცენტს. A321neo ავიახომალდი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და წინა თაობის ავიახომალდებისგან განსხვავებით. მას შეუძლია, დაახლოებით 50 პროცენტით შეამციროს თვითმფრინავის ხმაური. ავიახომალდი გამოყენებაში პირველად 2016 წელს შევიდა. მას შემდეგ Pratt and Whitney‘s GTF-ის ძრავამ აჩვენა, რომ მას შეუძლია საწვავის მოხმარება 16 პროცენტით, ხოლო აზოტის ოქსიდის გამოყოფა 50 პროცენტით შეამციროს“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

პანდემიის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსისა და ვარშავის რეისები შესრულდა.

აპრილის თვეში რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. ხოლო მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air რიგისა და დორტმუნდის რეისების აღდგენას გეგმავს.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

დატოვე კომენტარი