ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი ოქტომბერში 415%-ით გაიზარდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი ოქტომბერში 415%-ით გაიზარდა

ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 415%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 164 176 მგზავრმა
ისარგებლა (2022 წლის ოქტომბერი – 31,898 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325%-ს მიაღწია. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერი – 111 რეისი).

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1 380 548 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 107%-ით აღემატება (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი – 665,732 მგზავრი).

ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 4,087რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 2,646 რეისი).

2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.