ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იანვარში ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება ვენა იყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იანვარში ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება ვენა იყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით 2019 წლის იანვრის მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს.

რეიტინგის მოთხოვნად მიმართულებებს შორის ვენა ლიდერობს. მეორე ადგილზე პრაღაა, ხოლო მესამე ადგილზე – ათენი.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2019 წლის იანვრის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეული ასეთია:

1. ვენა

2.პრაღა

3. ათენი

4. მემინგენი/მილანი

5. რომი

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ჯამში 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52,5 პროცენტით მეტია. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გადაიყვანა (587,643 მგზავრი), რითაც საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი პირველად გახდა.

მგზავრთნაკადის ზრდის მიხედვით, ევროპის აეროპორტებში ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისი 52.5 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენისა და ბარის მიმართულებით შეასრულებს.