ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვილნიუსი 2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვილნიუსი 2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2018 წლის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს.

რეიტინგის მოთხოვნად მიმართულებებს შორის ვილნიუსი ლიდერობს. მეორე ადგილზე ვარშავა, ხოლო მესამე ადგილს დორტმუნდი და კატოვიცე ინაწილებენ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2018 წლის ყველაზე მოთხოვნად მიმართულებების ხუთეული ასეთია: ვილნიუსი, ვარშავა, დორტმუნდი/კატოვიცე, ბერლინი, მემინგენი.

„აეროპორტი 2018 წლის ჯამში 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,5 პროცენტით მეტია. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის 95% ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გადაიყვანა (587,643 მგზავრი), რითაც საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი პირველად გახდა. (Wizz air 12% მგზავრი, „თურქიშ ეარლანსი“ -11% 55,9984 მგზავრი, „ჯორჯიან ეარვეისი“ – 11 %, 55,7031 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისი 52.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია. პირველი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს“, – აღნიშნულია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციაში.