ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ალმათის მიმართულებით ფრენები ივნისიდან შესრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ალმათის მიმართულებით ფრენები ივნისიდან შესრულდება

4 ივნისიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით მეხუთე მიმართულებას, ალმათის დაამატებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულეს.

მათივე ცნობით, ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ახალი ყაზახური მიმართულება, დანარჩენი ოთხი მიმართულების მსგავსად, მოთხოვნადი იქნება.

„ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. ალმათი – სრულიად ახალი, მეხუთე მიმართულება დაემატება ივნისიდან ჩვენს აეროპორტს, რითიც ქუთაისიდან, ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და, ზოგადად, იმერეთის მხარისთვის.

FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ამ ეტაპზე ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan-ი ქუთაისში დედაქალაქ ასტანადან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს. ბილეთების შეძენა ალმათის მიმართულებით  ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.