ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჭერი ჩამოიშალა
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჭერი ჩამოიშალა

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას პირველი კლასის საკლასო ოთახში მოხდა. სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, მომხდარის მიზეზი უცნობია.

„საქმის კურსშია განათლების სამინისტრო, რესურსცენტრი და მიმდინარეობს გამოძიება. ჭერი შენობის პირველ სართულზე ჩამოინგრა. აქამდე პირველ სართულზე ნგრევის შემთხვევა არ გვქონია“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლის პედაგოგი ნანული ჟორჟოლიანი აღნიშნავს, რომ პრობლემები სკოლაში რემონტის გაკეთების შემდეგ გაჩნდა.

„ყველაზე იაფი მასალით გააკეთეს რემონტი. ქარს აბრალებენ ჭერის ჩამოვარდნას. ბავშვებს ეშინიათ. ხშირად ისეთი მდგომარეობაა, მიწისძვრა გეგონება“, – ამბობს ნანული ჟორჟოლიანი.

ქუთაისის მეორე სკოლაში ბოლო პერიოდში ჭერის ჩამოშლის ფაქტი უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.