ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი - ავტორიზაცია იყო განვითარება ჩვენი სკოლისთვის, ისეთ თემებზე დავფიქრდით, რაზეც იქამდე არ გვიფიქრია, გავხსენით დიალოგი მშობლებთან, ეს მნიშვნელოვანია
ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი - ავტორიზაცია იყო განვითარება ჩვენი სკოლისთვის, ისეთ თემებზე დავფიქრდით, რაზეც იქამდე არ გვიფიქრია, გავხსენით დიალოგი მშობლებთან, ეს მნიშვნელოვანია

ავტორიზაცია განვითარება იყო ჩვენი სკოლისთვის, რადგან ისეთ თემებზე დავფიქრდით, რაზეც იქამდე არ გვიფიქრია, – ამის შესახებ ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნონა ჩუბინიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. 

„ჩვენ ბევრ თემაზე გავხსენით დიალოგი მშობლებთან და მათ ვეკითხებით, მათი აზრით, რა არის ჩვენი სკოლის სუსტი წერტილი ან რა არის ის შესაძლებლობა, რაც ჯერ კიდევ არ გამოგვიყენებია. ისინი გვპასუხობენ ამ შეკითხვებზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლები ჩვენ გვთხოვენ სხვადასხვა მიმართულების და ტიპის, იმავე წრეების, ფაკულტეტური მეცადინეობების დამატებას. ასევე, შეიძლება, მშობელმა გვითხრას, რომ კარგი იქნებოდა, მაგალითად, ფოტოგრაფიის წრეც იყოს, რათა გაკვეთილების შემდეგ მის შვილს ჰქონდეს საშუალება, ამ წრეზე იაროს, რადგან ის ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული და ა.შ. კარგია, რომ მათ, მაგალითად, ენების არჩევაში თავისუფლება აქვთ და ჩემს სკოლაში უკვე მესამე ენა შემოვიდა, რითიც ძალიან ვამაყობ“, – განაცხადა ჩუბინიძემ.

მისი თქმით, თავისუფლება ნამდვილად არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლას დიდი დოზით აქვს.

„ჩვენ სკოლაში 730 მოსწავლეა და მუშაობის პროცესში, ონლაინ შეხვედრებში 302 მშობელი იყო ჩართული. მათ წინაშე აღებული პასუხისმგებლობა იმდენად გვერთულება, რომ სხვანაირად მუშაობის საშუალება აღარ გვაქვს. ჩვენ მათ დავპირდით, რომ იმერეთის რეგიონში ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლა იქნება ინტერკულტურული თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული სკოლა და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენ ამის პირობა მივეცით, როგორც სახელმწიფოს, ცენტრს, ასევე ჩვენს მოსწავლეებს და მშობლებს“, – განაცხადა ჩუბინიძემ.

ნონა ჩუბინიძემ ასევე აღნიშნა, რომ ავტორიზაციის პროცესში ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლას ძალიან დაეხმარა სხვადასხვა სტრუქტურა.