ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ 60 წლის ქალს გულის იშემიური დაავადება და მოციმციმე არითმია ჰქონდა
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილ 60 წლის ქალს გულის იშემიური დაავადება და მოციმციმე არითმია ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილ 60 წლის ქალს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. ის ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ ოკუპირებული აფხაზეთიდან 19 სექტემბერს გადაიყვანეს. პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„60 წლის ქალბატონი კატასტროფის ბრიგადის მიერ გადმოყვანილ იქნა 19-ში, დილის 04:00 საათზე, აფხაზეთიდან. ორმხრივი მწვავე პნევმონია ჰქონდა კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზე დიფუზური დაზიანებით; აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება მეორე, მესამე ხარისხის. ასევე, ჰქონდა მოციმციმე არითმია პაროქსიზმული ფორმის. პაციენტი კლინიკურად მძიმედ შეფასდა, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. სამწუხაროდ გარდაიცვალა 20 სექტემბერს 19:00 საათზე. რა თქმა უნდა კორონავირუსი დაუდასტურდა“, – განაცხადა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.

ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ კლინიკა „ბომონდმა“ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.

„60 წლამდე ასაკის ქალბატონი აფხაზეთიდან კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში 19 სექტემბერს დადასტურებული „კოვიდ 19“-ით, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტს ახლდა თანმდევი დაავადებები: ct-ზე დიფუზური დაზიანება, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ფორმის სატურაცია ჟანგბადის გარეშე. მალევე დაეწყო ვაზოპრესორული და ინოოტროპული მხარდაჭერა და გადავიდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკის მედპერსონალის მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გამოყენებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად, თუმცა პაციენტის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისათვის კლინიკის სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 82 პაციენტი, მათ შორის არიან ბავშვები, ორსულები და მელოგინეები.