ქუთაისის ისტორიული უბნისა და დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაცია იწყება
ქუთაისის ისტორიული უბნისა და დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის რეაბილიტაცია იწყება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი მენეჯმენტი მაქსიმალურს აკეთებს, რათა ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის გამართვის გაჭიანურებული პროცესი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდეს, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა იმერეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრისას. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„იქ, სადაც წყალგაყვანილობის სამუშაოების შედეგად დაზიანდა გზები, პარალელურად გაგრძელდება გზების დაგებისა და აღდგენის სამუშაოები. ამჟამად ვმუშაობთ დონორთან ქუთაისის საკანალიზაციო ქსელების პროექტის მესამე ფაზაზე, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება, ვინაიდან პროექტი არის ძალიან მასშტაბური და ქუთაისიც საკმაოდ დიდია თავისი დასახლებებით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქუთაისში დაგეგმილია სხვა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება – გზების, სკოლების, საბავშო ბაღების, ამბულატორიების რეაბილიტაცია-აშენება.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამუშავებს სხვა ისეთ პროექტებს, რომელიც ქუთაისის მოსახლეობისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად ქუთაისის ისტორიული უბნის – რიონის სანაპიროზე განლაგებული მე-19 საუკუნის ნაგებობების რეაბილიტაცია და ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები 2019 წელს დაიწყება.

გალერეა 1976 წელს დაარსდა და მასში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გალერეის ოქროს ფონდში 3000-მდე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 ექსპონატი ინახება: ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძისა და სხვათა ფერწერული თუ სკულპტურული ნამუშევრები.

მაია ცქიტიშვილმა წყალტუბოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყალტუბოში წლების განმავლობაში იდება მნიშვნელოვან ინვესტიცია.

„მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღადგინა წყალტუბოს ცენტრალური პარკი. ჩვენ წელსაც გვაქვს დაგეგმილი უკვე შადრევნის რეაბილიტაცია უშუალოდ წყალტუბოს პარკში. რა თქმა უნდა, ეს არის სამუშაოების ის ნაწილი, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ ჩამოსულმა დამსვენებლებმა კიდევ უფრო კარგად იგრძნონ თავი“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის განცხადებით, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის პრობლემები და ამიტომ წყალტუბოში მიმდინარეობს წყლისა და კანალიზაციის სისტემების გამართვის სამუშაოები. მისივე თქმით, სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება, რითაც ადგილობრივ მოსახლეობის მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს დაგეგმილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება – სოფელ წყალტუბოსა და გეგუთის ახალი საჯარო სკოლების აშენება, სკოლებისა და გზების რეაბილიტაცია.