ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სახლიდან არ გადიოდა და მხოლოდ შვილთან ჰქონდა კონტაქტი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სახლიდან არ გადიოდა და მხოლოდ შვილთან ჰქონდა კონტაქტი

ქუთაისის ცხელების ცენტრიდან პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი 63 წლის ქალია, რომლის მდგომარეობაც ამ ეტაპზე მძიმე არ არის.

„პაციენტის მდგომარეობა ერთი შეხედვით არის საშუალო სიმძიმის, არის შესუსტებული სუნთქვა. აქვს გულის უკმარისობა და რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობას ამძიმებს. გაუკეთდება ანალიზები, იქნება პასუხები და საჭირო მკურნალობა. როცა იქნება ანალიზის პასუხები, დაემატა მკურნალობის მიზნით სხვა მედიკამენტები“, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, მარიამ ვარდანაშვილმა.

მისი თქმით, პაციენტის გამოკითხვით ირკვევა, რომ ქალი სახლიდან არ გასულა მას შემდეგ, რაც შეიტყო ზოგადად კორონავირუსის შესახებ და ქუთაისში ვირუსის შემთხვევა დადასტურდა.

„იყო სახლში, ურთიერთობა არავისთან ჰქონდა, გარდა შვილისა, რომელიც მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადაში და მეორე შვილი ჰყავს კიდევ, სხვასთან კონტაქტი არ ჰქონია. სავარაუდოდ ეს არის შიდა გადადების შემთხვევა. პასუხი დღეს დადასტურდა და შვილსაც, რა თქმა უნდა, გამოიკვლევენ. თუ მას არ დაუდასტურდა ვირუსი, გადადების წყარო იქნება გაურკვეველი. თვითონ ანამნეზით ამბობს, რომ უჭირს სიარული, აქვს გულის უკმარისობა, ადვილად იღლება, ქოშინი აქვს. მისი თქმით, გარეთ ხშირად ისედაც არ გადიოდა. 63 წლის ქალბატონია პაციენტი. შვილსაც მოიძიებენ და გაუკეთდება ანალიზი. უბრალოდ დადასტურება პაციენტის პასუხისაც მოხდა გვიან, სულ ცოტა ხნის წინ“, – განაცხადა ექიმმა მარიამ ვარდანაშვილმა.

მისივე თქმით, ეს კორონავირუსით ინფიცირებული მეექვსე პაციენტია ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში.

„ჩვენთან სხვა პაციენტი ამ ეტაპზე არ იმყოფება, მხოლოდ „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულ პაციენტებს ვემსახურებით. ერთი არის მსუბუქი და სავარაუდოდ იგეგმება განმეორებითი ტესტის ჩატარება ამ კვირაში. დანარჩენებიდან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ორის – შედარებით მსუბუქი“, – განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, მარიამ ვარდანაშვილმა.