ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ
ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიას რწმუნებულმა, ზურაბ ბარბაქაძემ მიაწოდა.

მისი თქმით, საავადმყოფოს მედპერსონალმა საქასრიაში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეცდომით სხვა მიცვალებულის ცხედარი გაატანა. როგორც ბარბაქაძე ამბობს, შეცდომის შესახებ ოჯახისთვის რამდენიმე დღის შემდეგ გახდა ცნობილი.

ორივე გარდაცვლილი ქალი იყო. როგორც საქასრიას რწმუნებული ამბობს, ერთ-ერთი ქალის ოჯახმა მხოლოდ დასაფლავების შემდეგ გაიგო, რომ კლინიკიდან ცხედარი შეცდომით გამოატანეს, რადგან მათთან სოფელში დამარხული მიცვალებულის ოჯახი ჩავიდა და ცხედრის ამოსვენება მოითხოვა.

„83 წლის ქალი ანგელინა ბარბაქაძე ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახმა მიცვალებული წამოიყვანა და 3 იანვარს დაკრძალა. ანგელინა ბარბაქაძის ჭირისუფალმა, რომელსაც ასევე შეცდომით გაატანეს სხვა მიცვალებული, ​საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს დღეს მიაკითხა და ანგელინა ბარბაქაძის ამოსვენება მოითხოვა. ამის შემდეგ მიცვალებულები გაცვალეს“, – განაცხადა ზურაბ ბარბაქაძემ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს საკუთარი მიცვალებული სახეზე შესიებული მოეჩვენა, თუმცა მიიჩნიეს, რომ ეს ავადმყოფობის გამო იყო და ამიტომ ეჭვი არ შეუტანიათ, რომ სხვა ადამიანი დაკრძალეს.